თეგი: თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: „ომიკრონი“ ჩვეულებრივი გრიპი არ არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ „ომიკრონი“არ არის ჩვეულებრივი გრიპი და თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს,  „არსებობს მოსაზრება, რომ „ომიკრონი“ უფრო იოლად მიმდინარეობს და ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს, ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ, ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა 10-ჯერ მეტ სიკვდილობას იწვევს. იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები 3-5-ჯერ მეტია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო, ჯამურად ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი მაინც მეტი გამოდის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი შეფასებით, საქართველოში იყო პერიოდი, როდესაც ქვეყანა სიკვდილიანობით პირველ ადგილზე ან პირველ ხუთეულში იყო, მაგრამ ახლა ასე არ არის; „ომიკრონის“ ხარჯზე სხვაგან მეტად გაიზარდა სიკვდილიანობა, ჩვენთან პირიქით, განახევრდა“; შემთხვევების მატება მას შემდეგ დაიწყო, რაც ყველას გაკონტროლების შესაძლებლობა აღარ იყო. „როდესაც ჩვენთან პანდემიამ გადალახა რაღაც ზღვარი, რომელიც უკვე აღემატებოდა ჩვენი ეპიდემიოლოგიური რესურსის შესაძლებლობას, რომ ყველა გაეკონტროლებინათ, მერე წავიდა უკონტროლო მატება“. „ნუ ჩავთვლით, რომ შემთხვევათა რაოდენობის მატება მიუთითებს საქართველოში რაიმეს შედარებით ცუდად კეთებაზე, რამეთუ საქართველოზე განვითარებულ ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ  „პალიტრანიუსის“ ეთერში.

თენგიზ ცერცვაძე: შეცდომები იყო, ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა, მაგრამ კლინიკური მართვა არაოპტიმალური არ იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ყველას მიერ აღიარებულია, რომ საქართველოში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა. მისივე შეფასებით, პანდემიის მართვისას ცალკეულ შემთხვევაში შეცდომები იყო. „ყველა ოპონენტი, ვინც შემედავა, შემდეგ უკან დაიხია ან საერთოდ თავი აარიდა დებატებს. მედიკამენტების და მიდგომების გამოყენება ყველა ეტაპზე ოპტიმალურად ხდებოდა. არცერთ შემთხვევაში მკურნალობის არაოპტიმალურობა გარდაცვალების მიზეზი არ გამხდარა“. „შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა ზოგადად, პანდემიის მართვა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ იყო არაოპტიმალური, კლინიკური მართვა. ცუდი მკურნალობა რომ ყოფილიყო, მაშინ არა მხოლოდ გარდაცვალების მაღალი რიცხვი იქნებოდა, არამედ ავადმყოფებს შორის გარდაცვალების მაღალი პროცენტი და ჩვენთან არცერთხელ არ ყოფილა ეს 1,5-ზე მეტი“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ძალიან მალე დაიდება კვლევის შედეგები, რომელ კლინიკას რამდენი სიკვდილი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციით. „ახალმა მინისტრმა დაიწყო შესწავლა, შედეგები და დასკვნა დაიდება, ვის რამდენი ჰქონდა ჰოსპიტალური ინფექციის სიკვდილიანობა. საშუალო მაჩვენებელი რომ ავიღოთ, საქართველოში 6-7% იყო, მსოფლიოში 10-11%, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ არ გვქონია თუნდაც შიდა ჰოსპიტალური ინფექცია სხვებზე უარესი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მან სიკვდილიანობის ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი დაასახელა, რომ კლინიკებს დროულად არ მიმართავენ. „ამ მოცემულობაში სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ სიკვდილობის მთავარი მიზეზია მოსახლეობის დაგვიანებული მომართვიანობა. ძალიან ხშირად პაციენტები სახლში რჩებიან იმის იმედით, რომ განიკურნებიან“, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა და მოსახლეობას თხოვნით მიმართა, დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებას ან ოჯახის ექიმს. „უდიდესი თხოვნაა, ნუ ელოდებით დამძიმებას. ყველა პაციენტმა, ვისაც გაქვთ მდგომარეობის დამძიმების რისკი, ასეთია 60 წელს ზევით ასაკი, თანხლები სერიოზული დაავადებები ან უკვე დაგიმძიმდათ პირველივე დღეებში დაავადება. დამძიმება უნდა შეაფასოთ შემდეგნაირად: თუ ტემპერატურა გრძელდება 3 დღეზე მეტი და სიცხის დამწევებს არ ემორჩილება, ძირითადი ნიშანი არის სუნთქვის გაძნელება და სატურაციის დაქვეითება. თუ თქვენ გაქვთ დამძიმებული მდგომარეობა ან ამის რისკი არსებობს, მოგვმართეთ პირველი 8-10 დღის მანძილზე. ნუ მოიმიზეზებთ „ომიკრონს“, დღეს 3 ათასი საწოლი თავისუფალია და თუ საჭირო გახდა, კიდევ ვიპოვით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში.

თენგიზ ცერცვაძე: ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს

"ახალ იაპონურ კვლევაზე დაყრდნობით, გამოვლინდა, რომ „ომიკრონის“ BA.2 შტამი, პნევმონიას იწვევს და ზედა სასუნთქი გზების გარდა, ქვედა სასუნთქ გზებსაც მკვეთრად აზიანებს", -  თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.   თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორის თქმით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ, სწორედ ამ ქვეშტამით გამოწვეული გართულებებით არის განპირობებული.   „BA.2, ანუ „ომიკრონის“ ყველაზე ბოლო ვარიანტი, 1,5-ჯერ უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება, ვიდრე „ომიკრონის“ პირველი სუბვარიანტი, BA.1. გარდა ამისა, იწვევს შედარებით უფრო მძიმე დაავადებას და, მათ შორის, უფრო ხშირად იწვევს ფილტვების ანთებას. საქართველოში შემთხვევათა უმეტესობა გამოწვეულია BA.2-ით და ეს არის მაღალი სიკვდილობის ერთ-ერთი მიზეზი იმასთან ერთად, რომ საქართველოში მაინც ძალიან მცირეა ვაქცინირებულთა რიცხვი. განსაკუთრებით მცირეა მესამე, ბუსტერ დოზით აცრილთა რიცხვი“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე „იმედის“ ცნობით.    რა ვიცით „ომიკრონის“ ქვევარიანტის BA.2-ის შესახებ

თენგიზ ცერცვაძე: ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა

ამ ეტაპზე ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც კარგია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური პათოლოგიის კლინიკის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. „ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ვატაროთ პირბადეები და მეორე, როგორმე უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მოცულობა. 26-დან 32-მდე მაინც არის გარდაცვალება დღეში, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაინც ბევრია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 543 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 20 პაციენტი

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა

მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის - „დელტამიკრონით“ ინფიცირების სულ მცირე 17 შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი შტამი „დელტას“ და „ომიკრონს“ აერთიანებს და შესაძლოა, მას „ომიკრონის“ გავრცელების უნარი და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე ჰქონდეს. ცერცვაძის განმარტებით, ეს შტამი არის ერთგვარი ჰიბრიდი უკვე დავიწყებული „დელტასი“ და „ომიკრონის“ და პირობითად მას დაარქვეს „დელტამიკრონი“. ამასთან, მისივე განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს როგორც „ომიკრონი“, ან რამდენად მძიმე, ან მსუბუქი მიმდინარეობის იქნება. „ეს არის ჰიბრიდი „დელტასი“ და „ომიკრონის„. კერძოდ, მას აქვს ომიკრონის ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად გავრცელების სიჩქარეზე. ასე ვთქვათ, სტრუქტურული ცილები მას აქვს „დელტასგან“, ასე რომ, ამ სტრუქტურის ვარაუდით, შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი, გადამდებლობა და „დელტას“ მიმდინარეობის სიმძიმე. სიმპტომებზე რაიმე ახალი ინფორმაცია არ არის, მას ახასიათებს, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პანდემიის დასრულების საკითხზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „მოსახლეობას აინტერესებს, დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამის გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა თავისი განახლების უნარი უკვე რამდენჯერმე გამოავლინა. საქართველოში „ომიკრონის“ ტალღა მიდის დაღმავალი გზით. ინფიცირების შემთხვევათა და გარდაცვალების რაოდენობა ნამდვილად ყოველ დღე მცირდება. ნუ მოგვატყუებს, რომ დღეს ორშაბათია და 500-მდე ახალი შემთხვევა იყო. ეს ასე არ იქნება, სადღაც 1 000 შემთხვევა იქნება. გუშინ კვირა იყო და ამიტომ გამოკვლევები იყო მცირე, მაგრამ მაინც მცირდება. საქმე იმაშია, რომ მეკითხებიან ხშირად, მოსახლეობას აინტერესებს დამთავრდა პანდემია თუ არა? ღმერთმა ქნას დამთავრდეს, მაგრამ ჯერ ამისი გარანტიები არ გვაქვს, იმიტომ რომ კორონავირუსმა უკვე რამდენჯერმე გამოავლინა თავისი უნარი განახლების და ახალი შტამების გავრცელების“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო

„მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ერთადერთი მიზეზით - ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, - ამ სიტყვებით ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ცდილობენ დააბრალონ, რომ „სხვებთან ერთად მონაწილეობდა COVID19-ის მართვისთვის გამყოფილი ერთი მილიარდი ლარის მითვისებაში, მაშინ, როდესაც მთელი პანდემიის განმავლობაში, მისი შემოსავალი არცერთი მხრიდან ერთი ლარითაც კი არ გაზრდილა“. „უფრო მეტიც - იმ დანამატსაც კი არ ვიღებდი, რომელიც COVI ავადმყოფებთან მუშაობისთვის მეკუთვნოდა (რათა სხვებს არ დაკლებოდა), მხოლოდ დატვირთვა და ჯანმრთელობისთვის საფრთხე გაიზარდა და თან ძალიან სერიოზულად. და საერთოდ, მთელმა ქვეყანამ იცის, რომ მე ჩემი ხანგრძლივი საექიმო საქმიანობის მანძილზე არცერთი ავადმყოფისგან არასდროს კანონიერი ჰონორარიც კი არ ამიღია. ცდილობენ, დაგვაბრალონ, რომ საქართველოში COVID ავადმყოფების მართვა ძალიან ცუდად ხდებოდა???!!! ვმანიპულირებდით ავადმყოფების და საწოლების რაოდენობით?! რომ განგებ ვხოცავდით კლინიკებში COVID ავადმყოფებს???!!! და ასე განსაჯეთ ჯანმრთელ ადამიანებსაც კი???!!! და ყველაფერ ამით დიდ ფულს ვაკეთებდით???!!! და ვანგრევდით ქვეყნის ეკონომიკას???!!! და რომ ყველაფერი ამისთვის სამაგალითოდ და უმკაცრესად უნდა დავისაჯოთ???!!! სინამდვილეში საქართველოში COVID ავადმყოფების ნაკადების მართვა და უშუალოდ ავადმყოფების მკურნალობა ერთ-ერთი საუკეთესო იყო და არის მსოფლიოში პანდემიის ყველა ეტაპზე. კერძოდ, ევროპის და ამერიკის ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოში (2020 წლის ბოლოს 2-3 კვირიანი მონაკვეთის გამოკლებით) არცერთი COVID ავადმყოფი არ დარჩენილა ექიმის და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე და თან უმაღლესი სტანდარტების მკურნალობით. საკმარისია ითქვას, რომ კლინიკური მართვის ხარისხის მთავარი მაჩვენებელი - ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (case fatality rate) საქართველოს უფრო დაბალი აქვს და შესაბამისად გადარჩენის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე მსოფლიოს 111 ქვეყანას, ხოლო ქვეყნის კლინიკებში ჰოსპიტალიზებული პაციენტების გარდაცვალების საშუალო პროცენტი უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკის და ევროპის ჩვენზე ბევრად ძლიერი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ბევრ კლინიკაში. აღარაფერს ვამბობ ბინაზე COVID გარდაცვალების შემთხვევებზე, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. არის სხვა საკითხებიც, მაგრამ ძალიან გაგვიგრძელდება. მე კარგად მესმის, რომ უსამართლო დამოკიდებულებას და დაუმსახურებელ ბრალდებებს ცხოვრებაში ვერ ასცდები. შორს რომ არ წავიდეთ - მსოფლიოში უპრეცედენტო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვისაც კი (რომელმაც 80 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა) გვაკრიტიკებდნენ და ისიც ვიცი, რომ საქართველოში ხშირად მოქმედებს პრინციპი „დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“, მაგრამ ამჟამად უსამართლო დამოკიდებულება იმდენად ზღვარგადასულია, რომ თავის გაკონტროლება მიჭირს. აი, სულ ეს არის“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.  შეგახსენებთ, რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯმენტი მთლიანად იცვლება. რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლიანა ჭუმბურიძე დაინიშნა. ამ პროცესებს წინ უძღოდა ჯანდაცვის მინისტრის განცხადება. ჯანდაცვის მინისტრი: გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც კოვიდპანდემიის დროს, ექიმებსა და ექთნებს მათთვის დარიცხული დანამატი არ მიუღიათ

თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება

თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა. პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება, აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი. ის რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობას კოვიდის საკითხებზე და ასევე იმ საკითხებზე, რაც დღეს აქტუალურია”,- განაცხადა თამარ გაბუნიამ. ასევე წაიკითხეთ: თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო  

ჯანდაცვის მინისტრი: ინფექციური საავადმყოფო არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით. მინისტრის თქმით, აუდიტი ინფექციურ საავადმყოფოს არ შეეხება და პირიქით, ამ კლინიკის ექიმები თავად არიან ჩართულნი სხვადასხვა დაწესებულების შემოწმების პროცესში. „ცალკე აღებული, ინფექციური საავადმყოფო ჩვენ არ შეგვიმოწმებია და არც ვაპირებთ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, იქ არიან ისეთი მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომლებიც პირიქით, თვალსაჩინო მაგალითები არიან სხვადასხვა კლინიკებისთვის, თუ როგორ უნდა მართონ ადგილზე ინფექციები და კლინიკა სწორად”, – განმარტა აზარაშვილმა. ამასთან, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ თენგიზ ცერცვაძე ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტია და მასთან მუდმივ კომუნიკაციაშია. „ბატონი ცერცვაძე არის ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი, ინფექციონისტი ქვეყანაში და აქედან გამომდინარე მასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია. ის ინფექციის კონტროლის კუთხით, თავის თანამშრომლებთან ერთად, ჩართულია კონტროლის იმ წესის შემუშავებაში, იმ პროექტის შექმნაში, რითაც ჩვენ მივყვებით და კლინიკებს ვამოწმებთ. და ის უშუალოდ ჩართულია, თუ რომელ კლინიკაში რა სიტუაციაა ამ კუთხით და აქედან გამომდინარე მადლობა მინდა გადავუხადო მას, ასეთი აქტიური ჩართულობისთვის”, — განაცხადა აზარაშვილმა. 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. 4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე.  თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო

თენგიზ ცერცვაძე: თანამდებობაზე ვრჩები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საქართველოს პირველის არხის ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება. ცერცვაძის განცხადებით, მან საზოგადოებისგან უპირობო მხარდაჭერა იგრძნო. „დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა ცერცვაძემ. 27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამოწმებს, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა კოვიდკლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. 4 მაისს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცილისწამების გამო სამსახურიდან წასვლაზე ფიქრობდა. „ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ იმ უკიდურესად უსამართლო, სინამდვილისგან და საღი აზრისგან სრულიად აცდენილ და აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებების და ბრალდებების გამო, რომლებიც ბოლო დღეებში ჩემი (და არამარტო ჩემი) მისამართით გამოითქმება (საბედნიეროდ, საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის მიერ)“, – წერდა ცერცვაძე.  თენგიზ ცერცვაძე: მე ნამდვილად ვფიქრობ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე - შეურაცხყოფილი ვარ უკიდურესად უსამართლო ცილისწამებების გამო 6 მაისს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მისი უწყება, არ გეგმავს ინფექციური საავადმყოფოს შემოწმებას კოვიდკლინიკებში თანხების არამიზნობრივად გახარჯვასთან დაკავშირებით.

თენგიზ ცერცვაძეს COVID19 დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს COVID19 დაუდასტურდა. ამის შესახებ Europetime-ს კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც ცნობილია, დაავადების მიმდინარეობა საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობას ექვემდებარება.  ცნობისთვის, თენგიზ ცერცვაძეს COVID19 პირველად 2020 წლის ნოემბერში დაუდასტურდა. ასევე წაიკითხეთ: ბოლო 7 დღის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა  

თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინის გაფუჭების საფრთხე არსებობს, მაგრამ ამის გამო, საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის „ბუსტერ„ დოზის გაკეთება აუცილებელია. „პალიტრანიუსის“ გადაცემაში თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში არიან პაციენტები, რომლებიც კორონავირუსით სამჯერ და ოთხჯერ დაინფიცირდნენ, თუმცა მათ ვირუსი მსუბუქად გადაიტანეს. მისივე თქმით, წინა შემთხვევის მსგავსად, ისევ არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში არსებულ გამოუყენებენ ვაქცინებს ვადა გაუვიდეს. „სამწუხაროდ, ამის საფრთხე არსებობს, მაგრამ რა ვქნათ, ამის გამო საკმარისი რაოდენობის არ შემოგვეტანა? რომ არ შემოგვეტანა შედეგი იქნებოდა და სწორიც იქნებოდა, სახელმწიფოს დადანაშაულება, რომ მოსახლეობა მზად არის და არ არის ვაქცინები. ამას სჯობს ვაქცინა ზედმეტობით გვქონდეს. მართალია ეს უყაირათობაა, მაგრამ სჯობს ვაქცინა გვქონდეს ზედმეტობით“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ. რაც შეეხება შეზღუდვების დაწესებას, როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, საქართველოში კორონავირუსის მართვის კარგი დინამიკა ფიქსირდება და ამ ეტაპზე, ქვეყანაში პირბადის სავალდებულო ტარების აუცილებლობა არ დგას. თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, ვინ ინფიცირდება ომიკრონის შტამით უფრო ხშირად. „ვისაც არ გადაუტანია და არც ვაქცინირებული არ არის, ისინი ყველაზე მეტად ინფიცირდებიან, იმიტომ რომ მათ იმუნიტეტი საერთოდ არ აქვთ. ვინც არის სრულად ვაქცინირებული, მითუმეტეს, "ბუსტერ" დოზით, ან აქვთ კოვიდი გადატანილი და შესაძლოა არა ერთხელ, მათ ბუნებრივია იმუნიტეტი აქვთ, ან ვაქცინით გამომუშავებული, ან თვითონ ინფექციის გადატანის შედეგად გამომუშავებული და ისინი ნაკლებად ინფიცირდებიან, თუმცა დაცულები არ არიან. ამაზე მეტყველებს ის შემთხვევები, რომ ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელსაც მესამეჯერ დაემართათ კოვიდი და მეოთხედაც, მაგრამ ამათ კოვიდი როგორც წესი მსუბუქად ემართებათ“, - განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, „იმედი იმის, რომ კოვიდი აღარ იქნება, ჯერ არ არის“. „როგორმე ვიპოვოთ ჩვენ თავში ძალა და გავაძლიეროთ ვაქცინაცია. განსაკუთრებით, „ბუსტერ“ დოზებით. დადასტურებულია, რომ სწორედ „ბუსტერ“ დოზები იცავს ძირითადად ინფიცირებისგან. მართალია რეგულაციები მთლიანად მოხსნილია, მაგრამ არ უშლის ხელს მოსახლეობას, როგორც უცხოეთში აკეთებს შეგნებული ნაწილი, ნებაყოფლობით ატარონ პირბადეები - მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სამედიცინო დაწესებულებებში, დახურულ სივრცეებში, სადაც ხალხმრავალი შეკრებებია“, - განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძის თქმით, დღეს არსებული შტამი პრაქტიკულად არ განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან, შესაბამისად, ვისაც აღმოაჩნდება სიმპტომები, როგორიცაა ყელის ტკივილი, სურდო, თავის ტკივილი, ხველა, მაღალი ტემპერატურა, სწრაფი ტესტი უნდა ჩაიტაროს. „ახლა, როცა სხვა რესპირატორული ინფექციების რიცხვი შემცირებულია პოტენციურად ასეთი სიმპტომი ძალიან დიდი ალბათობით კოვიდზე მიუთითებს. ამიტომ ყველა, ვისაც ეს სიმპტომები აღმოაჩნდება, აუცილებელია, რომ პირველივე დღეს ჩაიტაროს სწრაფი ტესტი, რაც უფასო და ხელმისაწვდომია, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, (ძალიან კარგად არის აწყობილი ელექტრონული სისტემა) შედგება მასა და ოჯახის ექიმს შორის კომუნიკაცია. სულ ერთი დღე დასჭირდება, რომ ოჯახის ექიმმა შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა თუ ის მსუბუქია, არაფერი სჭირდება, მაგრამ თუ ის დამძიმების რისკებს შეიცავს, რაც არის 60 წელზე მეტი ასაკი, ან მძიმე თანმხვედრი დაავადებები, მაშინ აუცილებელია და ექიმი ურჩევს, რომ უნდა დაიწყოს მკურნალობა: „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“, - განაცხადა ცერცვაძემ და დაამატა, რომ „არცერთი პაციენტი, რომელმაც ბოლო ოთხი თვის მანძილზე ჩვენებების შემთხვევაში დაიწყო მკურნალობა პირველი სამი დღის განმავლობაში „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“ არ დამძიმებულა, არ მოხვედრილა რეანიმაციაში და არ გარდაცვლილა“.  

თენგიზ ცერცვაძე: COVID19 იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველომ მიაღწია იმას, რომ COVID19 იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია მინიმალური გავლენით ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. თუმცა, ცერცვაძის განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი, მეტად შემცირდეს დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. „COVID19-ის პანდემია გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც, საბედნიეროდ კლების ტენდენციით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კვლავ ვინარჩუნებთ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევებს მინიმალურ ნიშნულზე. ბოლო კვირაში იყო სულ ხუთი გარდაცვალების შემთხვევა (საშუალოდ ერთზე ნაკლები დღეში), იმის წინა კვირას – ექვსი გარდაცვალების შემთხვევა და ა.შ. უკვე ბოლო 6 თვის მანძილზე COVID გარდაცვალების შემთხვევები ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველოში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. თითქმის მივაღწიეთ იმას, რომ COVID-ს ვმართავთ, როგორც ერთ-ერთ რიგით რესპირაციულ ინფექციას მინიმალური გავლენით ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვას აქვს რესურსი, კიდევ უფრო მეტად შევამციროთ COVID დამძიმების და გარდაცვალების შემთხვევები, რისთვისაც საჭიროა შემდეგი: ვაქცინაცია: სადღეისოდ დადასტურებულია, რომ ვაქცინა ყოველთვის ვერ იცავს ადამიანს COVID-ით ინფიცირებისგან, მაგრამ საიმედოდ (70-75%-ით) იცავს დაავადების დამძიმებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და ლეტალური გამოსავლისგან – განსაკუთრებით მათ, ვისაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის ე.წ. ბუსტერ დოზა/დოზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია 60 წელზე მეტი ასაკის პირებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ძალიან კარგი, თითქმის იდეალური პირობები (მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა, გამართული ინფრასტრუქტურა, მომზადებული მედპერსონალი, მაღალი ხელმისაწვდომობა და უსაფრთხოება), მაგრამ ამის მიუხედევად, სამწუხაროდ, საქართველოში COVID ვაქცინაციით მოცვა კვლავ დაბალია – სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის დაახლოებით 1/3. მაშინ, როდესაც ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 2/3-ზე მეტი. ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია მოსახლეობის სკეპტიკური განწყობა ვაქცინაციისადმი. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ექიმების, მათ შორის ცნობილი ექიმების ყოვლად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო განცხადებები COVID ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ. დაგვიანებული მიმართვა ექიმთან: ავადმყოფების ნაწილი COVID-ის სიმპტომების გამოვლენისთანავე არ იკეთებს COVID ტესტირებას, რომელიც უფასოა და ადვილად ხელმისაწვდომი. ხოლო დადასტურების შემთხვევაში არაიშვიათად თავს იკავებს ექიმთან კომუნიკაციისგან, ეწევა თვითმკურნალობას და მხოლოდ უკიდურესი დამძიმების შემდეგ მიმართავს ექიმს/კლინიკას. ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს: ადამიანების ნაწილი სერიოზულად არ აღიქვამს COVID-ს და მით გამოწვეულ საფრთხეებს. ან კიდევ ხედავს რა, რომ მათმა ახლობელმა, მეზობელმა ან ნაცნობმა (მათ შორის ასაკოვანმა და თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანებმაც) იოლად გადაიტანა COVID, ფიქრობს, რომ მის შემთხვევაშიც ასე იქნება. არადა, უნდა გვახსოვდეს, რომ COVID ძალიან არაპროგნოზირებადი დაავადებაა, ის შეიძლება, მიმდინარეობდეს მსუბუქად (უსიმპტომოდაც კი), საშუალო სიმძიმით ან ძალიან მძიმედ, ან კიდევ დაიწყოს მსუბუქად და სწრაფად დამძიმდეს და წინასწარ ამის გამოცნობა ადვილი არ არის. სწორი მართვა – სამწუხაროდ, ოჯახის/ონლაინ კლინიკების ექიმების ნაწილი და ზოგიერთ COVID კლინიკაც კი სათანადო (პირდაპირი) ჩვენებების დროსაც კი არ უნიშნავს პაციენტს პაქსლოვიდს ან რემდესივირს. უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როცა COVID ავადმყოფს მკურნალობენ აზითრომიცინით, ფლუვოქსამინით, ივერმექტინით და სხვ. რაც სერიოზული შეცდომაა და მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების დამძიმების რისკებს. მინდა, მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და გვიან დაუკავშირდნენ ექიმს და შესაბამისად დაგვიანებით დაიწყეს მკურნალობა. პრაქტიკულად არც ერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში ჰქონდათ კომუნიკაცია ექიმთან, ასრულებდნენ მათ რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა. დაბეჯითებით მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, COVID-ის პირველივე სიმპტომების (რომლებიც ყველასთვის ცნობილია) გამოვლენისთანავე (პირველივე დღეს) ჩაიტაროს ტესტირება COVID-ზე. COVID-ის დადასტურების პირველივე დღეს დაუკავშირდნენ ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს – ჩვეულებრივ ექიმი რეკავს პაციენტთან, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა, თვითონ პაციენტი უნდა დაუკავშირდეს თავის ოჯახის/ონლაინ კლინიკის ექიმს და ზუსტად მისდიოს მის რეკომენდაციებს. საჭირო შემთხვევებში და საჭირო ჩვენებისას (60 წელზე მეტი ასაკი, სერიოზული თანხმლები ქრონიკული დაავადებები, COVID-ის მძიმე მიმდინარეობა და სხვ.) აუცილებლად პირველივე დღეებში (უმჯობესია პირველ 3 დღეში) დაწყებულ იქნას მკურნალობა პაქსლოვიდით ან რემდესივირით. ყველა იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის დამძიმება მაინც მოხდა, ავადმყოფი დაუყოვნებლიც გაიგზავნოს COVID კლინიკაში. მოსახლეობამ აქტიურად გააგრძელოს ვაქცინაცია, მათ შორის ე.წ. ბუსტერ დოზებით. ამ არც თუ ძნელად შესასრულებელი პირობების ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაში პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ არ მოხდება ავადმყოფის დამძიმება და მითუმეტეს, არ დადგება ლეტალური შედეგი. ყველამ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ COVID-19-ის პირობებში უსაფრთხოდ ცხოვრება და საქმიანობა“, - აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის განცხადებაში.

საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება - სპეციალისტის რეკომენდაციები

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებული რაოდენობა ფიქსირდება. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას და მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. თენგიზ ცერცვაძის თქმით, სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა პრობლემა, რომ მოსახლეობა რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად ტესტს COVID-ზე დროულად აღარ იკეთებს, შედეგად კი, კლინიკებში დაგვიანებული შემთხვევებით მიმართვებმა მოიმატა. თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავს, რომ რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე COVID-ზე ტესტი ჩაიტარონ. „როგორც ადრე ვწერდით, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო გადაექცია COVID-ი ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა, მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება, ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ვირუსებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს. დღეს საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბავშვების, მომართვა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ ასე იქნება მომავალშიც. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას, ყველა რგოლი დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით, გამართულად ფუნქციონირებს. მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. არცერთი ავადმყოფი არ რჩება დროული და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების, მათ შორის სტაციონარული და საჭიროების შემთხვევაში რეანიმაციული მომსახურების გარეშე. შემთხვევების დიდი რაოდენობის მიუხედავად არც ერთხელ არ დაფიქსირებულა მნიშვნელოვანი სისტემური ხარვეზები. არ ყოფილა მედპერსონალის, საწოლების, მედიკამენტების, ჟანგბადის და სუნთქვის აპარატების ნაკლებობა და პრაქტიკულად არ არის სეზონური რესპირაციული ინფექციებისგან გარდაცვალების შემთხვევები. შედარებისთვის, 2009-2010 წლებში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის დროს ქვეყანაში მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის და მისი გართულებებისგან გარდაიცვალა 50-ზე მეტი პაციენტი. აღსანიშნავია ის, რომ ევროპის და ამერიკის რიგი ქვეყნები, როგორც COVID-ის, ისე სეზონური რესპირაციული ინფექციების მხრივ აწყდებიან გაცილებით უფრო მეტ პრობლემებს, ვიდრე საქართველო. ასე მაგალითად, აშშ-ში, მათივე ოფიციალური მონაცემებით, მარტო გრიპისგან გარდაიცვალა 4500 პაციენტი, ხოლო კალიფორნიაში საწოლების დეფიციტის გამო უხდებოდათ კარვების გაშლა და სახელდახელო „ემერჯენსების“ მოწყობა. ასევე ოფიციალური მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ხუთ წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეული ინფექციის 50 შემთხვევიდან 1 შემთხვევა (2%) ფატალურად მთავრდება“, - აცხადებს ცერცვაძე. რაც შეეხება კორონავირუსის მიმდინარეობას, ცერცვაძის თქმით, საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება. „საქართველოში ბოლო თვეებში აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების სტაბილური კლება, მაგრამ ყველგან ასე არ არის. მართალია, მთელ მსოფლიოში პიკის პერიოდთან შედარებით COVID-ის ახალმა შემთხვევებმა და გარდაცვალებამ იკლო, მაგრამ ბოლო პერიოდში მთელ რიგ ქვეყნებში აღინიშნება COVID-ის როგორც ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების შემთხვევების მატება. ასე მაგალითად, ა.წ. 7 დეკემბერს მსოფლიოში დაფიქსირდა 536 962 ახალი შემთხვევა და 1347 გარდაცვალება, რაც ამ პერიოდისთვის ცოტა ნამდვილად არ არის. ამ დღეს იაპონიაში დაფიქსირდა 149 383 ახალი შემთხვევა და 211 გარდაცვალება, აშშ-ში - 45 970 ახალი შემთხვევა და 318 გარდაცვალება, გერმანიაში - 40 256 ახალი შემთხვევა და 125 გარდაცვალება, საფრანგეთში - 75 752 ახალი შემთხვევა და 92 გარდაცვალება და ა.შ. საქართველოში ამ დღეს დაფიქსირებული იყო COVID-ის სულ 155 ახალი შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება. სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფებოდა სულ 167 ავადმყოფი. ზოგადად ბოლო 8 თვის, მათ შორის ბოლო 1 თვის მონაცემებითაც, ყოველ 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით, საქართველოში COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები - სულ 39 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 1.5 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში ბევრად, შეუდარებლად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის ისეთ COVID-19-ის მართვაში სამაგალითოდ მიჩნეულ ქვეყნებთან შედარებითაც კი, როგორიცაა აშშ (290 გარდაცვალება ბოლო 8 თვეში და 30 გარდაცვალება ბოლო 1 თვეში), გერმანია (336 გარდაცვალება და 58 გარდაცვალება), ფინეთი (769 გარდაცვალება და 129 გარდაცვალება), საფრანგეთი (251 გარდაცვალება და 30 გარდაცვალება), ისრაელი (143 გარდაცვალება და 10 გარდაცვალება), შვედეთი (269 გარდაცვალება და 42 გარდაცვალება), დანია (303 გარდაცვალება და 29 გარდაცვალება), იაპონია (175 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), სამხრეთ კორეა (261 გარდაცვალება და 27 გარდაცვალება), ავსტრალია (378 გარდაცვალება და 23 გარდაცვალება), ლიტვა (191 გარდაცვალება), ლატვია (241 გარდაცვალება), ესტონეთი (253 გარდაცვალება და 43 გარდაცვალება), ავსტრია (585 გარდაცვალება და 40 გარდაცვალება) და სხვ. აღსანიშნავია, რომ საქართველოში COVID-19-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი - COVID-19-ის დადასტურებულ შემთხვევებს შორის გარდაცვალების პროცენტი - ე.წ. CFR (Case fatality rate) საშუალოდ მთელი პანდემიის მანძილზე (და არა ბოლო 8 თვეში) 1%-ზე ნაკლებია (0.93%), რაც მსოფლიოს 111 ქვეყანაზე უფრო დაბალი მაჩვენებელია. ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა. მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ საქართველოში COVID-ი აღარ არის და რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად დროულად აღარ იკეთებს ტესტს COVID-ზე. შედეგად მოიმატა COVID-ით დაგვიანებული შემთხვევებით მომართვამ. ბოლო დღეებში დაგვიანებით და მძიმე მდგომარეობაში მოგვმართა COVID-ით რამდენიმე ავადმყოფმა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ბრძოლა გვიწევს. ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან გახშირებული, მათ შორის მძიმე რესპირაციული ინფექციების ფონზე. მინდა დაბეჯითებით მივმართო მოსახლეობას შემდეგი რჩევებით: რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე ჩაიტარონ ტესტი COVID-ზე, ვინაიდან COVID კვლავ რჩება პოტენციურად ყველაზე სახიფათო რესპირაციულ ინფექციად და ამასთან, მას აქვს ძალიან ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. COVID-ის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულონ მისი რეკომენდაციები. თავის მხრივ ექიმების მოვუწოდებ, ჩვენებების შემთხვევაში რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მკურნალობა „პაქსლოვიდით“ ან „რემდესივირით“; თუ გვაქვს მძიმედ მიმდინარე რესპირაციული ინფექცია უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით და ინტოქსიკაციით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრიპზე და ჩავიტაროთ შესაბამისი ტესტი. უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპსაც აქვს ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა („ტამიფლუ“). ყველა შემთხვევაში თავი შევიკავოთ თვითმკურნალობისგან და შევასრულოთ ოჯახის და/ან კლინიკის ექიმის რეკომენდაციები. გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია COVID-ის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატება, კონტროლის გამკაცრებას საქართველოშიც მოითხოვს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია და ჰოსპიტალიზებულ კოვიდპაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს. „ბოლო დღეებში ბევრ ქვეყანაში (იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, აშშ, ავსტრალია და სხვ.) აღინიშნება COVID-ის ახალი შემთხვევების და COVID-ის გარდაცვალების შემთხვევების მატების ტენდენცია. ზოგადად, მსოფლიოში ყოველდღიურად ფიქსირდება 500 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა და 1500-ზე მეტი გარდაცვალება. ასე მაგალითად, მარტო იაპონიაში ა.წ. 22 დეკემბერს დაფიქსირდა 184 000 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 339 შემთხვევა. შემაშფოთებელია სიტუაცია ჩინეთში, სადაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ყოველდღიურად ფიქსირდება ათეულობით მილიონი COVID-ის ახალი შემთხვევა. საქართველოში COVID-ის ეპიდსიტუაცია კვლავ კარგია და საიმედოდ იმართება, როგორც ერთი-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია. ჰოსპიტალიზებულ COVID პაციენტთა რაოდენობა არ აღემატება 150-200 ავადმყოფს, ხოლო სიკვდილობა კვლავ მინიმალურ ნიშნულზეა - სულ 6 გარდაცვალება ბოლო ერთ თვეში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 9 თვის განმავლობაში, მათ შორის ბოლო 1 თვის განმავლობაში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე გადანგარიშებით საქართველოში გარდაცვალების შემთხვევები ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც (აშშ, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ისრაელი), რომლებიც სანიმუშოდ ითვლებიან COVID-ის მართვაში. ამის მიუხედავად, მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია და ჩინეთში COVID-ის ახალი შემთხვევების ძალიან სწრაფი მატება საქართველოსთვისაც ზრდის რისკებს და მოითხოვს ჩვენგან სიფხიზლის გაძლიერებას და ზოგიერთი საპასუხო პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჩინეთიდან შემოსულ პირებზე COVID-ზე კონტროლის გამკაცრებას. მივმართავთ მოსახლეობას, არსებული რისკების გათვალისწინებით რესპირაციული ინფექციის ნებისმიერი გამოვლენისთანავე აუცილებლად ჩაიტარონ ტესტირება COVID-ზე რაც შეიძლება მალე და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და მკაცრად შეასრულონ მისი რეკომენდაციები. მყარად უნდა გვახსოვდეს, რომ პირველივე დღეებში დაწყებული ანტივირუსული მკურნალობა (პაქსლოვიდით ან რემდესივირით), სათანადო ჩვენებების შემთხვევაში, პრაქტიკულად იძლევა იმის გარანტიას, რომ არ მოხდება დაავადების დამძიმება, არ გახდება საჭირო ჰოსპიტალიზაცია და მითუმეტეს არ დადგება ლეტალური გამოსავალი. სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ბოლო თვეებში COVID გარდაცვალების ერთეული შემთხვევები დგებოდა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებმაც დაგვიანებით მიმართეს ექიმს და/ან კლინიკას. დღეს საქართველოს მოსახლეობა საიმედოდაა დაცული COVID-ისგან. იგი პრაქტიკულად არ ახდენს ნეგატიურ გავლენას ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე. მაგრამ ჩვენს ირგვლივ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩინეთში არსებული არასახარბიელო COVID სიტუაცია სერიოზულ რისკებს შეიცავს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რათა COVID-ის მართვის სადავეები ხელიდან არ გაგვექცეს და ამის გაკეთება მხოლოდ მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. რაც შეეხება გრიპს და სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში აღინიშნება მათი გავრცელების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ რჩება მაღალი. ასე მაგალითად ამერიკის CDC-ის მონაცემებით გრიპით ყოველკვირეული ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი დაეცა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 8-დან 4.5-მდე, რაც 2009-2010 წლების სეზონიდან მოყოლებული მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქართველოშიც შეიმჩნევა გრიპის და სხვა რესპირაციული ინფექციების გავრცელების კლება, თუმცა მომართვიანობა და კლინიკების დატვირთვა მაინც მაღალია. რესპირაციული ინფექციების შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის A გრიპზე (H3N2 და H1N1 ქვეტიპები), ხოლო დანარჩენი ნახევარი სხვა რესპირაციულ ვირუსებზე - რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი, კორონავირუსები (მათ შორის COVID-ის გამომწვევი) და სხვ. საქართველოში ჯანდაცვის სისტემა (ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარება, კლინიკები) ძალიან გამართულად მუშაობს. არცერთი ავადმყოფი არ რჩება ექიმისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე. ყველა COVID-ით ავადმყოფს საჭირო შემთხვევაში ჩვენების მიხედვით უტარდება პროაქტიური მკურნალობა თანამედროვე მედიკამენტებით და ოპტიმალური მიდგომებით, მათ შორის ადრეული ანტივირუსული მკურნალობა სადღეისოდ საუკეთესო პრეპარატებით: “პაქსლოვიდით” და “რემდესივირით”. სწორედ ამის შედეგია, რომ COVID-ით გარდაცვალების შემთხვევები დაყვანილია მინიმალურ ნიშნულზე, ხოლო გრიპით და სხვა რესპირაციული ინფექციებით კლინიკების უდიდესი გადატვირთვის მიუხედავად წლევანდელ სეზონში პრაქტიკულად არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ გვქონია. შესადარებლად 2009-2010 წლების გრიპის ეპიდემიის დროს საქართველოში სულ ცოტა 50 გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევა იყო დაფიქსირებული, ხოლო ამერიკის CDC-ის ოფიციალური გათვლებით, აშშ-ში წლევანდელ სეზონში დაფიქსირებულია გრიპის მინიმუმ 15 მილიონი შემთხვევა, 150 ათასი ჰოსპიტალიზაცია და 9300 გარდაცვალება. ასეთია სადღეისოდ ქვეყანაში COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების რეალური და არავირტუალური ეპიდსიტუაცია, რისი უარყოფაც ჩვენს ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ოპონენტებსაც კი უჭირთ”, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა ნფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს მიმდინარე წლის 6 ივნისს უნდა ჩაბარდეს. „ჩვენთვის შენობა ძალიან დიდხანს იყო დიდი თავის ტკივილი. 2009 წლის მერე ჩვენს ცენტრს, რომელიც წამყვანი დაწესებულებაა ინფექციური დაავადებების დარგში, არ გვქონდა საკუთარი შენობა და განთავსებული ვართ „ავერსის“ კუთვნილ შენობა ნაგებობებში, რაც ბუნებრივია, თავის მხრივ უამრავ უხერხულობასთან არის დაკავშირებული. როგორც ჩანს, ახლა ამას წერტილი დაესმება, რადგან ორი წლის წინ სახელმწიფომ შეიძინა და საკუთრებაში გადასცა ჩვენს ცენტრს ძალიან კარგი შენობა, დიღმის კლასტერში. ეს კორპუსი ერთ-ერთი საუკეთესო ულტრათანამედროვე შენობაა მთელს თბილისში. აქამდე სულ იყო დაპირებები, ახლა ზუსტად ვიცით, რომ ოფიციალურად გაფორმებულია ხელშეკრულებები და უკვე აქტიურად დაწყებულია სარემონტო სამუშაოები. ახლა ხდება მისი ადაპტირება ინფექციებზე, მოეწყობა ბოქსირებული პალატები და ა.შ. უკანასკნელი ვადა არის 6 ივნისს, როდესაც შენობა უნდა ჩაგვბარდეს. ამის შემდეგ, სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და ევროპის ბანკი მუშაობენ შენობის აღჭურვაზე. გვექნება, უმაღლესი კლასის აპარატურა და აღჭურვილობა. ამ გადასვლის პროცესს დასჭირდება ალბათ ორი-სამი თვე და სავარაუდოდ, სექტემბერ-ოქტომბერში ცენტრი იმუშავებს ახალ შენობაში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა - ცერცვაძე

საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ნოემბერი-დეკემბერი და შემდეგ თებერვალი-მარტი არის რესპირაციული ინფექციების პიკის პერიოდი, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. „სერიოზულად იყო გადატვირთული კლინიკები, თუმცა მოსახლეობა პანიკაში არ ყოფილა, რადგან ძალიან კარგად იმართება ყველაფერი, მაგრამ მოსახლეობის ცოტა ტენდენციურ ნაწილში მაინც იყო საყვედურები, რომ ძალიან ბევრია რესპირაციული ინფექციები, ვერ აუდის ჯანდაცვის სისტემა, არ არის სათანადოდ მომზადებული, – ეს არის დიდი სიცრუე. არ არის მომზადებული კი არა, ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ჯანდაცვის სისტემა რესპირაციულ ვირუსებს. მართალია, ძალიან ბევრი რესპირაციული ინფექციაა, გადატვირთულია კლინიკები და არა კრემატორიუმი, როგორც ეს ზოგიერთ ჩვენზე უფრო ძლიერ ქვეყნებშია. ფაქტობრივად, ჩვენ კოვიდით გარდაცვალება მივიყვანეთ მინიმუმამდე. საქართველოში გრიპის შემთხვევების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. კოვიდის შემთხვევებმა ოდნავ მოიმატა, მხოლოდ მცირედით, დღეში 200 შემთხვევაზე მეტი არ გვაქვს. ეს მაჩვენებელი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვაგან ათეულათასი შემთხვევებია. გრიპების პროცენტული წილი ცოტა შემცირებულია, მაგრამ ამ სეზონზე მაინც დომინირებს გრიპები კონკრეტულად კი A ტიპის ვირუსი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

თენგიზ ცერცვაძე: ბოლო პერიოდში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 8 შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო პერიოდში საქართველოში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს. ცერცვაძე აღნიშნავს, რომ მათგან 6 პაციენტი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი კი აგრძელებს მკურნალობას. ინფექციონისტის თქმით, ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება - რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ. ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით. განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერჯერობით არ არის. ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს). შესაბამისად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში) და საქართველოში ინფექცია ძირითადად გვხვდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები) და შიდა ქართლში (კასპის, ხაშურის, გორის რაიონები), თუმცა იშვიათად ერთეული შემთხვევები გვხვდება სხვა რაიონებშიც. ინფექციის შემთხვევები ძირითადად გვხვდება აპრილ-მაისიდან ოქტომბრამდე - როცა ტკიპები აქტიურდებიან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 47 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 39 პაციენტი მკურნალობდა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი - სხვა კლინიკებში. 2022 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ნამკურნალები პაციენტებს შორის არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სხვა კლინიკებში მყოფი 8 პაციენტიდან გარდაიცვალა 3 პაციენტი. შესაბამისად, 2022 წელს ქვეყანაში გამოვლენილ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგენა 6,4%-ს, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 10-11%-ია, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებში. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იწყება უეცრად და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე, სისხლჩაქცევები (წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე), სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან, გამონაყარი (პეტექიური, მაკულო-პაპულოზური) სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიყვითლე, სისხლში თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვ. შესაძლოა იყოს ფარდობითი ბრადიკარდია. დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული კვლევებით (PCR ტესტი, ანტისხეულები და სხვ.). მკურნალობა მოიცავს, როგორც ანტივირუსულ მკურნალობას (რიბავირინით), ისე დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას. დაავადების პრევენცია გულისხმობს: ტკიპების საწინააღმდეგოდ პირადი პროფილაქტიკის დაცვას (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები); ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავებას აკარაციდებით (ტკიპების გამანადგურებლებით); კანის რეპელენტების (მწერების, ტკიპების დამაფრთხობლების) გამოყენებას; ავადმყოფი ცხოველის იზოლაციას; საქონლის დაკვლაში მონაწილეობისას ხელთათმანების გამოყენებას და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ტკიპა ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მალე პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები. ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენი ადგილი და ხელები საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, ან საპნითა და წყლით. დაავადების დამძიმების და შესაბამისად, არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება, ამიტომ პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. მინდა მივმართო აგრეთვე ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ ვინაიდან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მაღალი ლეტალობით, სასურველია, რომ ამ დაავადებაზე საეჭვო ყველა ავადმყოფი გადაყვანილ იქნას ინფექციური პროფილის სპეციალიზებულ რეფერალურ კლინიკაში, რომელთაც აქვთ ამ დაავადების მართვის სერიოზული გამოცდილება”, - წერს ცერცვაძე.  

თენგიზ ცერცვაძე: შეინიშნება COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოში COVID19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ცნობით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, თუმცა სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე. „COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას. როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად, არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს. დაახლოებით, 1 წლის შემდეგ, ა.წ. 5 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა აღინიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ასე მაგალითად: აშშ-ში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა კვირაში 6000-დან 10000-მდე. ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris), რომელიც წარმოიშვა „ომიკრონის“ XBB შტამისგან მუტაციის გზით. ჯანმო-ს მონაცემებით, ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის CDC-ის მონაცემებით, EG.5. ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების, დაახლოებით, 20%. წინასწარი მონაცემებით, ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ, (კლინიკური სიმპტომები, სიმძიმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან. ითვლება, რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად. COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით, 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა, ომიკრონის ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris) იყოს, თუმცა ოფიციალურად ის ჯერ არ დადასტურებულა. „სავარაუდოდ, EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა კოვიდაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. ფართოდ ხელმისაწვდომია COVID-ზე უფასო ტესტირება, სრულ მზადყოფნაშია პირველადი ჯანდაცვის რგოლი COVID-ის მართვის სერიოზული გამოცდილებით, ფუნქციონირებს რამდენიმე COVID -კლინიკა უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით. ქვეყანას აქვს COVID-ის სამკურნალო ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მედიკამენტების საკმარისი მარაგი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება COVID ვაქცინაცია და ა.შ. სხვათა შორის, ამჟამად ჩვენს ცენტრში მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კლინიკასთან ერთად მიმდინარეობს COVID-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტის კლინიკური შესწავლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ეფექტიანობით აღემატებოდეს აქამდე გამოყენებულ მედიკამენტებს. ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი. ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკისა და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე, დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს, ყველა ამბულატორიულ თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას,“- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.  

ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციების შემთხვევები გაიზარდა, მაგრამ საპანიკო არაფერია - თენგიზ ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, მომატებულია კლინიკების დატვირთვაც, მაგრამ ამის დრამატიზება აბსოლუტურად არ არის საჭირო, საპანიკო არაფერია. ცერცვაძის თქმით, ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. „ბოლო პერიოდში, რესპირაციული ინფექციებით შემთხვევების ზრდა აღინიშნება, გაზრდილია კლინიკების დატვირთვაც. ეს სინამდვილეა, მაგრამ არ არის სწორი, როდესაც ცალკეული ექსპერტები, თუ მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში „დრამატული ვითარებაა“, „კლინიკებში ადგილები აღარ არის“, „მშობლები ბავშვებით კლინიკის რიგში დგანან“. ობიექტური შეფასებით, ქვეყანაში რესპირაციული ინფექციებით პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ აბსოლუტურად არ არის საჭირო ამის დრამატიზება, საპანიკო არაფერია. ეს ზრდა მოსალოდნელი იყო. გასული სამი წლის განმავლობაში იმიტომ იყო რესპირაციული ინფექციების ნაკლები რაოდენობა, რომ მაშინ COVID-19 დომინირებდა, სახელმწიფო და მთელი მსოფლიო ეფექტიან საპასუხო ზომებს იღებდა, ეს იყო პირბადის ტარება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება, მასობრივი შეკრებების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რესპირაციული ინფექციების გავრცელების პრევენციას ახდენდა. შედეგად, ყველა ამ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი, ბოლო 3 წელი შემცირებული იყო. წელს, როდესაც COVID-19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, რესპირაციული ინფექციების გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა იმ ფარგლებში, რაც COVID-19-მდე იყო. ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში, ყოველწლიურად მხოლოდ გრიპისგან საშუალოდ 290 000-650 000-მდე ადამიანი იღუპება. საქართველოში, გასულ წელს გრიპით გარდაცვალების დაახლოებით 20-მდე შემთხვევა გვქონდა, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. 2024 წელს გრიპით გარდაცვალების დადასტურებული შემთხვევები არ გვაქვს. თითქოს, ბევრია რესპირაციული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა, ეს ხელოვნურ პანიკას იწვევს, მაგრამ ამ დროს, ლეტალური შემთხვევები არ გვაქვს,“ - აცხადებს ცერცვაძე. მისივე განმარტებით, „გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია.“ „ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა გაიზარდა, მაგრამ არავითარ გადატვირთვას არ აქვს ადგილი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ტყუილია, თითქოს, კლინიკებში ადგილები არ არის. შესაძლოა, რომელიღაც ბავშვთა საავადმყოფოში რამდენიმე დღით გადაიტვირთა კლინიკა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ უამრავი სხვა კლინიკა გვაქვს. ინფექციური პროფილის წამყვან კლინიკებში საწოლფონდი სანახევროდ არის დატვირთული. თუ რესპირაციული ინფექციებით ბავშვთა რაოდენობამ იმატა, რატომ არ მიჰყავთ ისინი მაგალითად, ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც თავისუფალი ადგილები საკმარისადაა, ისევე როგორც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, სადაც ფუნქციონირებს ბავშვთა ინფექციების განყოფილება 40 საწოლზე? ასე რომ, ქვეყანაში საწოლფონდის არანაირი გადატვირთვა არ არის. ადგილები საკმარისზე მეტი გვაქვს,“ - აღნიშნავს ცერცვაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.  

თენგიზ ცერცვაძე: ივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია, ვირუსის კონცენტრაცია სისხლში განულდეს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ აივ ინფიცირების მაჩვენებელზე ისაუბრა. მისი თქმით, აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ სწორი მკურნალობით შესაძლებელია, ვირუსის კონცენტრაცია სისხლში განულდეს და დაავადების პროგრესირება შეჩერდეს. „ზოგადად, ყოველ წელს ფიქსირდება 500-დან 600-მდე, ან ცოტა მეტი ახლად გამოვლენილი შემთხვევა. 2022 წლის ბოლოს გვქონდა 617 შემთხვევა, ხოლო 2023 წლის დეკემბრის ბოლოს იყო 613 შემთხვევა. ზოგადად, აივ/შიდსის მხრივ, ითვლება რომ ვითარება სტაბილურია. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში შიდსთან ბრძოლის საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს. საქართველოში, სავარაუდოდ, ამჟამად არის 8500 აივ ინფიცირებული პირი. მათგან 83% გამოვლენილია, ხოლო 17% არის გამოუვლენელი. გამოვლენილებიდან 86% ჩართულია მკურნალობის პროცესში, მუდმივად იღებს აივ ინფექციის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს. მკურნალობაზე მყოფი პირების 92%-ში კი მიღწეულია სისხლში ვირუსის კონცენტრაციის სუპრესია (განულება). აივ/შიდსი რჩება განუკურნებელ დაავადებად, მაგრამ დღეს სწორი მკურნალობით უკვე შესაძლებელია ვირუსის კონცენტრაცია სისხლში გავანულოთ და შევაჩეროთ დაავადების პროგრესირება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი. ასეთ ავადმყოფები აღარ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, ისინი სრულად არიან ინტეგრირებულნი საზოგადოებაში ცხოვრების კარგი ხარისხით, სწავლობენ, მუშაობენ, ქორწინდებიან, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს ახასიათებს ერთი ძალიან ვერაგი თვისება, ორგანიზმში მოხვედრისას მისი გენეტიკური მასალა ჩაშენდება ადამიანის უჯრედის გენეტიკურ მასალაში, ადამიანი ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის მტარებელი. როდესაც ადამიანი მკურნალობს, მის სისხლში ვირუსი აღარ ცირკულირებს, მისი კონცენტრაცია განულებულია. მაგრამ ასეთმა პაციენტმა მთელი სიცოცხლე უწყვეტად უნდა იმკურნალოს. როგორც კი შეწყვეტს მკურნალობას, ვირუსის ის გენეტიკური მასალა, რომელიც მის უჯრედებშია, ახალი ვირუსების პროდუქციას იწყებს და სისხლში ისევ გაჩნდება ვირუსი. ამდენად ჩვენი ამოცანა ამ ეტაპზე არ არის აივ/შიდსისგან განკურნება, დღეს ეს ჯერ კიდევ შეუძლებელია, ჩვენი ამოცანაა სისხლში ვირუსის კონცენტრაცია ნული იყოს და პაციენტმა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით. დღეს საქართველოში აივ ინფექცია/შიდსი ყველაზე კარგად მოვლილი დაავადებაა. სადმე გსმენიათ, რომ აივ ინფიცირებულებს რაიმე პრობლემები ჰქონდეთ ან სხვას შეუქმნან პრობლემები? არა! და ეს ჩვენი დიდი მიღწევაა. 2025 წლისთვის საქართველოში დაგეგმილი გვაქვს შიდსის ეპიდემიის დაძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ აივ ინფექციის ახალი შემთხვევები მინიმუმამდე იქნება შემცირებული. მთელი მსოფლიოს ინტელექტუალური და მატერიალური რესურსი ამჟამად მობილიზებულია შიდსის განმკურნებელი მედიკამენტების შექმნაზე და იმედი გვაქვს, რომ არც თუ შორეულ მომავალში ასეთი მედიკამენტები შეიქმნება და აივ/შიდსისგან სრული განკურნება შესაძლებელი იქნება. ჩვენ 2017 წელს პირველებმა აღმოსავლეთ ევროპაში დავიწყეთ აივ ინფექციის ე.წ. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკა (PREP). ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრევენციული ზომა. ახლა, აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ სექსი. გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი ამ კატეგორიაშია. იცით, რომ მათთან კომუნიკაცია ადრე ძალიან გაძნელებული იყო. თუმცა, ცივილიზებული სახელმწიფო ვართ, იქით მივდივართ, რომ ყველა იყოს თანასწორუფლებიანი და სრულფასოვნად ინტეგრირებული საზოგადოებაში. მივაღწიეთ იმას, რომ აივ/შიდსი აღარ იწვევს სტიგმას და დისკრიმინაციას. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკით (PREP) კი ამ ეტაპზე 1600-მდე ადამიანი სარგებლობს. პრე-ექსპოზიციური პროფილაქტიკის (PREP) პროგრამით ხდება აივ ინფექციის პრევენცია ჯანმრთელ ადამიანებში. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს უკეთდებათ აივ ინფექციაზე ტესტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი ინფიცირებულები ჯერ არ არიან. თუ დადასტურდება, რომ ის ინფიცირებული არ არის, მას მედიკამენტები უფასოდ ეძლევა. დღეში მხოლოდ ერთი ტაბლეტი უნდა დალიოს. შედეგად პროგრამაში მონაწილეები არ ინფიცირდებიან სქესობრივი ან სხვა კონტაქტების დროს, მაშინაც კი თუ მათ პარტნიორი აივ ინფიცირებულია. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პროგრამის გაფართოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც სქესობრივი კონტაქტი აქვს, გამოიყენოს დამცავი საშუალება, ან ჩაერთონ ამ პროგრამაში. ის უფასოდ მიიღებს მედიკამენტს, რომელიც დაიცავს ინფიცირებისგან, მაშინაც კი, თუ სქესობრივი პარტნიორი შიდსით იქნება ინფიცირებული. ჩვენ ამ პროგრამაში 200-მდე მიგრანტიც გვყავს ჩართული,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.  

რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი მისი წინამორბედისგან და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პრეპარატი

რით განსხვავდება კორონავირუსის ახალი შტამი მისი წინამორბედისგან და რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ანტივირუსული პრეპარატი. ამ თემაზე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ისაუბრა. როგორც ის აღნიშნავს, კორონავირუსის ახალ შტამს, კერძოდ, JN.1-ს ყნოსვის და გემოს გაქრობა არ ახასიათებს. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან. მან კორონავირუსის ახალ შტამზე, კერძოდ, JN.1-ზე საუბრისას აღნიშნა, წინამორბედებისგან განსხვავებით მას დაავადების მეტად მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს. „რაც შეეხება JN.1 ვარიანტს. ეს არის „ომიკრონის“ ერთ-ერთი ქვევარიანტი. „ომიკრონის“ შტამის გამოჩენის შემდეგ, მისი არაერთი ვარიანტი გავრცელდა. თითოეული ეს ქვევარიანტი იწვევდა კითხვებს, ყველას აინტერესებდა მათი გავრცელება და სიმძიმე. JN.1 ვარიანტი რაიმე განსაკუთრებული თვისებების მატარებელი არ არის. ზოგადი კანონზომიერება არის ის, რომ „ომიკრონის“ ყოველი ახალი ქვევარიანტი გამოირჩევა წინამორბედთან შედარებით უფრო მეტი გადამდებლობით და შესაბამისად, უფრო სწრაფი გავრცელებით. საბედნიეროდ, ომიკრონის“ შტამის არცერთ ვარიანტს, მათ შორის JN.1-ს არ ახასიათებს დაავადების მეტი სიმძიმე. სიმპტომები მსგავსია. ეს არის თანდათანობითი დაწყება, კატარული მოვლენები: ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირში გაჭედვის შეგრძნება, ძლიერი საერთო სისუსტე, ხველა. კორონავირუსი, სხვა რესპირაციული ვირუსებისგან განსხვავებით, აზიანებს არამხოლოდ სასუნთქ, არამედ სხვა ორგანოთა სისტემებს, სისხლის შემდედებელ სისტემასაც კი. გახსოვთ, რომ ხშირი იყო თრომბოემბოლიური გართულებები, გულის გაჩერების შემთხვევებიც იყო, პნევმონია უფრო ხშირია, ვიდრე სხვა რესპირაციული ინფექციების დროს. შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების დაქვეითება, ყნოსვის და გემოს გაქრობა. JN.1-ს არ ახასიათებს ყნოსვის და გემოს გაქრობა. ამით განსხვავდება წინამორბედებისგან. დიახ, COVID-19 სადღეისოდ ჩვენს ქვეყანაში არის, ისევე, როგორც დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ მისი სიხშირე ნაკლებია. ასევე არის გარდაცვალების ერთეული შემთხვევებიც, თუმცა ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ასე მაგალითად, მხოლოდ ა.წ. 4-11 იანვრის კვირაში აშშ-ში დაფიქსირდა COVID-19-ით გარდაცვალების 636 შემთხვევა, გერმანიაში - 536 შემთხვევა, დიდ ბრიტანეთში - 212 შემთხვევა და ა.შ. ჩვენთან აღნიშნულ კვირაში არავინ გარდაცვლილა. ჯანმო-ს გენერალური დირექტორის და მისი მოადგილის განცხადებით, მთელს მსოფლიოში მომატებულია, როგორც რესპირაციული ინფექციების, ისე COVID-19-ის შემთხვევები. საქართველოშიც იგივე სიტუაციაა, მაგრამ COVID-19-ის შემთხვევების მატება შედარებით ნაკლებია. ჯანმო ამბობს, რომ არსებული ვითარება პანდემიისგან შორს არის, მაგრამ საყურადღებოა,“ - აღნიშნა ცერცვაძემ. ინფექციონისტი ხაზს უსვამს, რომ ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს, ეს კი არ შეიძლება! არ არის სწორი. მისივე თქმით, „ტამიფლუ“ ეფექტიანი მედიკამენტია, მაგრამ გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სათანადო ჩვენებების შემთხვევაში. „ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება, არ არის სწორი! „ტამიფლუ“ უნდა მიიღოს დამძიმების რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა, კერძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასაკის ზემოთ, ან 5 წლის ქვემოთ (განსაკუთრებით კი 2 წლის ქვემოთ), ასევე ორსულებმაც. გარდა ამისა „ტამიფლუ“ უნდა მიიღონ ნებისმიერი ასაკის პირებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო მეტია გრიპის მძიმე მიმდინარეობის და გართულებების, მათ შორის ფატალური გართულებების რისკები. „ტამიფლუ“ ამსუბუქებს სიმპტომებს, აჩქარებს განკურნებას და საგრძნობლად ამცირებს გართულებების რისკს. „ტამიფლუს“ მიღების ჩვენებაა აგრეთვე გრიპის დამძიმება. დამძიმებაში არ იგულისხმება მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ეს თითქმის ყველა შემთხვევას ახასიათებს. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის უკმარისობის გაჩენა, ან პროგრესირება, რაც გრიპის დამძიმებაზე და/ან შესაძლო პნევმონიის არსებობაზე მიუთითებს. ზემოთაღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია „ტამიფლუს“ დანიშვნა და ჰოსპიტალიზაცია. ასევე, რესპირაციული ინფექციების დროს ხშირად ხმარობენ ანტიბიოტიკებს, რაც არ არის სწორი. რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპის დროს, ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის განვითარებაზე. ცერცვაძე აღნიშნა, რომ გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა.  

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ახალი პარტია შემოვიდეს - ცერცვაძე

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების - „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებზე საუბრისას განაცხადა. ცერცვაძემ აღნიშნა, რომ გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები. „იცით, რომ COVID-19-ის მკურნალობის უახლესი თანამედროვე მეთოდების დანერგვის კუთხით ჩვენ მოწინავე ქვეყნების რიგში ვიყავით და ერთ-ერთმა პირველებმა დავიწყეთ „ტოცილიზუმაბის“, „რემდესივირის“ და „პაქსლოვიდის“ გამოყენება. საქართველო მეხუთე ქვეყანა იყო მსოფლიოში, რომელმაც „პაქსლოვიდი“ მიიღო. სწორედ COVID-19-ს მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დროულმა დანერგვამ განაპირობა ის, რომ ერთ-ერთმა პირველმა გადავაქციეთ COVID-19 ფატალური ინფექციიდან რიგით რესპირაციულ ინფექციად. გარდაცვალების შემთხვევები ძალიან იშვიათი იყო იმ პაციენტებში, რომლებმაც დროზე მიმართეს ექიმს და საჭიროების შემთხვევაში მიიღეს აღნიშნული მედიკამენტები. „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ უახლოეს მომავალში ქვეყანაში „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ ახალი პარტია შემოვიდეს. რაც შეეხება იმუნიზაციის პროცესს, იცით, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის COVID-19 ვაქცინაციით მოცვა ძალიან დაბალი იყო. ეს განაპირობა მოსახლეობის სკეპტიკურმა დამოკიდებულებამ იმუნიზაციისადმი, ასევე ანტივაქსერების მიერ გაჩაღებულმა კამპანიამ, რომელში რამდენიმე ცნობილი ექიმიც კი იყო ჩართული, რაც ძალიან სამწუხაროა. პირველი თაობის ვაქცინები მორგებული იყო იმ პერიოდში გავრცელებულ შტამებზე და პრაქტიკულად ვერ იცავდა, ან ნაკლებად იცავდა „ომიკრონის“ შტამისგან. სადღეისოდ უკვე შემუშავებულია ახალი თაობის ვაქცინები, რომლებიც „ომიკრონის“ შტამზეა მორგებული. უფრო სწორად, ეს ვაქცინები ყველა არსებული შტამისგან იცავს პაციენტს, მათ შორის „ომიკრონის“ ქვევარიანტებისგან. ეს ვაქცინები საქართველოში ჯერ შემოტანილი არ არის. რამდენადაც ვიცი, მოლაპარაკება მიმდინარეობს და ახალი თაობის ვაქცინებს შემოიტანენ. მოსახლეობისადმი ჩემი რჩევა იქნება, რომ როგორც კი ახალი თაობის ვაქცინები შემოვა, პირველი თაობის ვაქცინებისადმი დამოკიდებულება, რომ იყო ისეთს ნუ გამოიჩენენ, მეტი მოტივაცია გამოვამჟღავნოთ და მეტი ადამიანი აიცრას,“ - აღნიშნა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე: ამ სეზონზე გრიპით გარდაცვალების ორი ფაქტი გვქონდა, ხოლო „კოვიდით“ გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია

„ბოლო პერიოდში რესპირატორული ვირუსების მატება აღინიშნება მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. საქართველო არ არის გამონაკლისი. ეს მატება მოსალოდნელი იყო. არ არის არავითარი საგანგაშო და საპანიკო მდგომარეობა,“ – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, გადაჭარბებულია ემოციები, თითქოს კლინიკებში ადგილები არ არის. „საქართველოში რესპირატორული ინფექციების დღევანდელი დონე შეესაბამება იმას, რაც იყო წლების მანძილზე, თუ არ ჩავთვლით „კოვიდის“ სამ წელს. მოსახლეობა ხშირად ზედმეტად განიცდის ახლანდელ მატებას, რადგან მიეჩვია, „კოვიდის“ პანდემია როდესაც იყო, რესპირატორული ვირუსები ძალიან ცოტა იყო. კოვიდის დროს სახელმწიფოს ჰქონდა ძლიერი საპასუხო ზომები, ეს იყოს პირბადე, საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრისგან თავის შეკავება, არ იყო კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები-ქელეხები შეზღუდული იყო, ეს კოვიდის პრევენციისთვის თუ იყო საჭირო, ამავე დროს ხდებოდა რესპირატორული ვირუსების პრევენცია, პრაქტიკულად არ იყო რესპირატორული ვირუსები. კოვიდზე შეზღუდვები როდესაც მოიხსნა, ამ ინფექციებმა მოიმატა და დაუბრუნდა თავის პირვანდელ დონეს, მეტი არაფერი. არაფერი საგანგაშო სიტუაცია არ არის, გადაჭარბებულია ზედმეტი აჟიტირება და ემოციები, თითქოს ადგილები არ არის კლინიკებში, რამდენიც გინდათ, იმდენი ადგილია. შესაძლოა, ერთი-ორი პედიატრიული კლინიკა ერთი-ორი დღით გადაიტვირთა, მაგრამ ამაში საპანიკო არაფერია, ის გადაიტვირთა, სხვა კლინიკებია. ასე რომ, ჩვეულებრივი სიტუაციაა ამ სეზონისთვის დამახასიათებელი,“ – განაცხადა ცერცვაძემ. ცერცვაძემ აღნიშნა,  რომ რესპირატორულმა ინფექციებმა, შესაძლოა, თებერვალ-მარტში მოიმატოს, თუმცა მომატების შემთხვევაშიც საგანგაშო ვითარება არ იქნება, რადგან საქართველოში ინფექციები კარგად იმართება. მისივე თქმით, აცრისთვის ახლა დაგვიანებულია, მაგრამ თებერვალ-მარტში მეორე პიკია მოსალოდნელი და აცრას აზრი მაინც აქვს. „სწავლა ახლახან განახლდა და ჯერჯერობით ძნელია თქმა, მოიმატა, თუ არა შემთხვევებმა, ჩვენ ჯერ არ შეგვიმჩნევია. ზოგადად, რესპირატორულ ინფექციებს ორი პიკი აქვს, ნოემბერი-დეკემბერი და თებერვალი-მარტი. ასე რომ, თებერვალ-მარტში შეიძლება, მოიმატოს, მაგრამ სავალდებულო არ არის. შეიძლება, არც მოიმატოს, რომც მოიმატოს, არაფერი ამაში ექსტრაორდინალური და საგანგაშო არ იქნება, რამეთუ საქართველოში ძალიან კარგად იმართება რესპირაციული ინფექციები. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გარდაცვალებათა რაოდენობა საქართველოში როგორც კოვიდის დროს, ისე სხვა რესპირაციული ინფექციების. მაგალითად, გრიპის დროს. გრიპით მატების დროს სულ გვქონდა ამ სეზონზე გარდაცვალების ორი ფაქტი დასავლეთ საქართველოში. ხოლო „კოვიდით“ გარდაცვალება საერთოდ არ გვქონია. ეს ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში განსაკუთრებული არაფერი ხდება რესპირაციული ინფექციების მხრივ; მეორე, თუ არის მატება და სიჭარბე, ის ძალიან კარგად იმართება. კოვიდმა რაღაცა კარგი კვალი დატოვა, ეს არის ის, რომ მან ხელი შეიწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას. კერძოდ, რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით. ეს ეხება როგორც ინტელექტუალურ დონეს, ისე ინფრასტრუქტურას. მკვეთრად ამაღლდა ექიმების მომზადების დონე, მათ შორის ყველა სუსტი რგოლი საქართველოში იყო ოჯახის ექიმები და დაინერგა ახალი მეთოდები, შეიქმნა სისტემური მიდგომები ამ რესპირაციული ვირუსების მართვით კუთხით. ამ ყველაფრის დადებით შედეგს ვიმკით ახლა. მიუხედავად სერიოზული მატებისა და საკმაოდ მძიმე ფორმების საკმაო სიხშირისა, ჯანდაცვის სექტორი ამას ძალიან კარგად უმკლავდება მინიმალური დანაკარგებით. ახლა აცრას აზრი მაინც აქვს. ოპტიმალური დრო აცრის არის ოქტომბერ-ნოემბერი. აცრის შემდგომ იმუნიტეტი იწყებს გამომუშავებას ორი კვირის შემდეგ. თუმცა, პიკს ერთი ან ორი თვის მერე აღწევს. ახლა კლასიკურად აცრისთვის დაგვიანებულია, მაგრამ ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ თებერვალ-მარტში მეორე პიკია მოსალოდნელი, ასე რომ, აცრას აზრი აქვს, რათა თებერვალ-მარტის პიკს შევხვდეთ კარგი იმუნიტეტით,“ – აღნიშნა ცერცვაძემ.